geo
About
1890
1900
1910
1920
1930
1940
1950
1960
1970
1980
1990
2000
2010
2015

1890-1900

მე-19 საუკუნის მიწურულის ტფილისი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნაზავი. ერთი მხრივ, აქლემები და გველის მომთვინიერებლები და, მეორე მხრივ, ევროპული არქიტექტურა და დელიკატესები.

ქალაქში ჩნდება ტელეფონი, არც ისე ფართოდ, არც ისე ყოველდღიურობაში, მაგრამ არსებობს. ჩნდება ელექტრონით განათებაც, თუმცა ეს მაინც რჩეულთა ხვედრია. საზაფხულო ბაღებში გაისმის ოპერეტები.

სხვადასხვა გასტროლით ჩამოდიან გერმანელები, ფრანგები, ავსტრიელები, იტალიელები. მუსიკა ყველგანაა. სახლებიდანაც მუსიკა მოისმის. ნაირგვარი გრამაფონი და სიმფონია ენაცვლება ერთიმეორეს. ცირკიც დიდი მოწონებისა და გართობის ადგილია. აფიშები მაყურებელს გამაოცებელ სანახაობას ჰპირდება.

1900-1910

რუსეთის იმპერია მარცხდება იაპონიასთან. ქვეყნის წელში გამართვის მცდელობა რეფორმების გზით არის შესაძლებელი. ევროპამოვლილი სტუდენტები სამყაროს გაუმჯობესებისა და გამოსწორების გზების ძიებაში არიან, რასაც თან სდევს 1905 წლის რევოლუცია.

ასეთი ფონის მიუხედავად, ქალაქი მაინც ახერხებს თავისი რიტმით ცხოვრებას: ტფილისის მთავარი გართობა ავიატორთა გაჯიბრებებია; საჰაერო ბუშტით ცაში ასვლა და თან ვირის ან რომელიმე მსურველის აყვანა; ესაა გართობა და სეირი; ბაღები ერთმანეთს ეჯიბრებიან ფეიერვერკების გაშვებასა და მუსიკის დაკვრაში.

1910-1920

ტფილისში ჩნდება კინო: რამდენიმე კინოთეატრი და უხმო ფილმები, რომლებსაც თან სდევს პიანინოზე დამკვრელის აკომპანემენტი. თუმცა ცოტა ხანში ამისთვის აღარ სცალიათ. იწყება პირველი მსოფლიო ომი. ფრონტის ხაზი იგრძნობა ტფილისშიც.

ამას მოსდევს რევოლუცია, რომელიც დედამიწის ერთ მეექვსედს სრულიად ცვლის. მეფე აღარ არის. რამდენიმე მთავრობა იცვლება და საბოლოოდ ქვეყნის სათავეში ბოლშევიკური პარტია მოდის, რომელიც სრულიად ახალ წესს ამკვიდრებს. საქართველო ცოტა ხნით დამოუკიდებლობას აცხადებს.

1920-1930

საფუძველი ეყრება ინდუსტრიალიზაციასა და კოლექტივიზაციას. მიზნად დასახულია ქვეყნის სრული ელექტრიფიკაცია.ეს პერიოდი გიგანტურ მშენებლობათა დასაწყისია. დიდი ჰესებისა თუ ტრაქტორების ქარხნების აგება გაწერილია ხუთწლედებში.

ეს ხუთწლედები დროის ახალი დაყოფა და ათვლაა. ჩნდება კომუნალური ბინები,რომლებშიც პროლეტარიატი კუთვნილ ოთახს იღებს. ხშირად ოთახში ორი ოჯახიცაა, მისი შირმით გადატიხვრა არ არის იშვიათი რამ.

ტანვარჯიში და ფეხბურთის თამაში უფრო და უფრო მეტ ადამიანს იტაცებს. იქმნება საფეხბურთო გუნდი „დინამო“.

1930-1940

კოლექტივიზაცია გრძელდება. მთელ ქვეყანაში გაჩაღებულიაგიგანტური საწარმოებისა და არხების მშენებლობა. ესაა ახალი გამოწვევების დრო: რაც შეიძლება მეტი ფოლადის გამოდნობა და ქვანახშირის მოპოვება.

არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. იმავდროულად,იწყება რეპრესიების ახალი ტალღა. კინომ ხმა ,,ამოიღო“.

ახალი ცხოვრება,საგმირო და სამხიარულო ამბები ახლა კინოდან ჩანს. კინოაფიშების გმირების ფოტოები მოქალაქეთა კარადებსა და ჩემოდნებზე გვხვდება. იწყება მეორე მსოფლიო ომი.

1940-1950

მეორე მსოფლიო ომი. ყველაზე მასშტაბური ომი, რაც კი აქამდე მომხდარა. მთელი მსოფლიოა ჩართული. პურზე ტალონებია. მემაწვნეები ვირებით ისევ ჩამოდიან ქალაქში. შემდეგ გამარჯვება და ახალი იმედები, ახალი მშენებლობები.

გერმანიიდან გამოზიდული ქარხნები იშლება და საბჭოთა იმპერიაში იწყობა ხელახლა. მატულობს კინოთეატრებში ე.წ. „ტრაფეინი ფილმები“ რუსული სუბტიტრებით. არქიტექტურაც უფრო მასშტაბურია. იწყება ცივი ომი.

1950-1960

ჩნდება ტელევიზორი. სრულიად ახალი სამყარო შემოდის სახლებში. არც თუ ყველგან, არც თუ ფართოდ და ფერადად, მაგრამ კინოთეატრი სახლში ჩნდება.

გრანდიოზული ჩანაფიქრებისა და პროექტების დასაწყისია. „ბამი“, ესაა ციმბირში ლიანდაგის დაგება და ყაზახეთის ტრამალების მოხვნა. ამისათვის ხორციელდება ხალხის მობილიზაცია. იწყება მთიდან ხალხის ჩამოყვანა და ქარხნებში დასაქმება. ქალაქის მოსახლეობა ამის ხარჯზე იზრდება. კინემატოგრაფიაც ამის ასახვაშია ჩართული.

1960-1970

ფეხს იკიდებს ახალი არქიტექტურა. კომუნალური ბინებიდან ხალხი ნელ-ნელა გადადის საკუთარ მცირე ზომის ბინებში, „ხრუშოვკებში“, სადაც აბაზანაც საკუთარია.

ეს სულ სხვა ჰორიზონტებს უჩენს ქვეყნის მოქალაქეებს. იმავდროულად, გრძელდება მასშტაბურობა და ახალი მიწების ათვისება. კოსმოსში პირველი ადამიანი, იური გაგარინი, გაფრინდა.

ყოველი ბავშვის ოცნება კოსმონავტობაა. გაჩაღებულია მსოფლიო ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა. სახლის თაროები ივსება უცხოელმწერალთატომებით. იშვიათია სახლი,რომელშიც წიგნების თაროზე წვერებიანი ჰემინგუეი არ ჩანდეს.

კინო ისევ აქტუალურია, თუმცა ჩნდება სულ სხვა ფილმიც, რომელიც სრულიად ცვლის ახალგაზრდათა ცნობიერებას: „შესანიშნავი შვიდეული“ მეხივით გავარდება. ის ყველაფერს ცვლის:სიარულს, ჩაცმას, ლაპარაკს. გავლენა დიდია. აქ ჩაგდებული მარცვალი ნაყოფს შემდგომში ისხამს.

1970-1980

სამხედრო პოტენციალი კვლავ იზრდება. ბრეჟნევის მმართველობის მოჩვენებითი კეთილდღეობა. სულ უფრო აღწევს ცნობიერებაში დასავლეთის ცხოვრების წესის არსებობა. ის, რომ იქ, საზღვარგარეთ, სულ სხვა რამ ხდება. ტანსაცმელიც სხვაა,ქცევაცა დაიერიც. იქაური მუსიკა ფართოდ მკვიდრდება.

1980-1990

გარდაქმნა. არის მცდელობა, ყოველივე ახალ გემოზე გადაკეთდეს. თავისუფლების დაშვება. ყოველივე საბჭოთა კავშირის დაშლით სრულდება.

1990-2000

ახლად წარმოქმნილი სახელმწიფოები, სირთულეები. უეცარი გამდიდრებისა და გაღატაკების დრო. უზარმაზარი იმპერია იმსხვრევა და დოვლათის გადანაწილების დრო დგება. ძველი ურთიერთობები ირღვევა და ახალი კავშირების აწყობას ცდილობენ.

2000-2010

დრო აჩქარებულია. სულ უფრო მრავლდება ინფორმაციის მიღების წყაროები. უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს ინტერნეტს. მობილური ტელეფონები ცხოვრების აუცილელელი ატრიბუტი ხდება. წარმოუდგენელია როგორ ახერხებდნენ აქამდე მათ გარეშე არსებობას.

იზრდება კაფეების და ამ კაფეებში მოსიარულეთა რაოდენობა. თბილისში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად მატულობს. იხსნება სასტუმროები, ჰოსტელები. ქვეყანა ცდილობს ევროინტეგრაციას.

2010-2015

დასავლური კომპანიების რაოდენობა მატულობს. იმავდროულად, ბევრია დასავლეთში მიღებული უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა, რომლებსაც ახალი კულტურა და ცხოვრების წესი შემოაქვთ. ტექნიკური სიახლეები გასაოცარია.

ტექნოლოგიური განვითარება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის ყოველდღიურობას. ინფორმაციის მიღების წყაროებიც მრავალფეროვანი ხდება. ყველაფერი სწრაფად იცვლება: გუშინდელი სიახლე დღეს უკვე მოძველებულია.

პროექტის შესახებ

ისტორიის ბოლო 125 წელი შენ თვალწინ! იმოგზაურე თბილისურ ოჯახებში „ბორჯომთან“ ერთად და ნახე, როგორ იცვლება გარემო და ცხოვრების სტილი დროთა განმავლობაში. შეუცვლელი კი რჩება მხოლოდ „ბორჯომი“. ეს უნიკალური პროექტი - ბორჯომი 125 ქართული მინერალური წყლის ბრენდის „ბორჯომის“ იუბილის აღსანიშნავად შეიქმნა. გადაავლე თვალი განვლილ 125 წელს და იგრძენი თბილისის მაჯისცემა.
1890-1900